რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

წინ დონბასისთვის ბრძოლის ძალიან რთული თვეა – უკრაინის შსს

უკრაინელი სამხედრო ბუჩის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე ქალაქის დაბრუნებას აღნიშნავს, 2022 წლის 2 აპრილი.
Rodrigo Abd/AP

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, უკრაინას წინ აქვს დონბასისთვის ბრძოლის "ძალიან მძიმე თვე". 

"ამ დიდი ბრძოლის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება იმაზე ლაპარაკი, თუ საით წავალთ შემდეგ. წინ დონბასისთვის ბრძოლის მართლაც ძალიან ძალიან რთული თვეა". – თქვა შს მინისტრის მრჩეველმა.

დენისენკოს თქმით, ეს ეტაპი, შესაძლოა, ომის ყველაზე რთული ფაზა იყოს. 

"პირველ სამ თვეში ჩვენი ყველა მიღწევის მიუხედვად, ახლა წინ არის, შესაძლოა, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფაზა... რა თქმა უნდა, აქტიური ფაზა ძალიან დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, თუმცა რაღაც დროის განმავლობაში ჯერ კიდევ აქტიური ფაზა იქნება". – თქვა დენისენკომ.

ასევე, დენისენკომ აღნიშნა, რომ ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადადის და რუსი ოკუპანტები "უფრო ჭკვიანურად იბრძოლებენ, ვიდრე თავიდან".

დენისენკოს ინფორმაციით, ამჟამად რუსი ოკუპანტები "აყრიან მთელ ძალებს", რათა ლუგანსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევა სცადონ, სცადონ დონეცკის მიმართულებით გადაადგილება, სანამ უკრაინელები ამ პოზიციებზე მათ მოგერიებას განაგრძობენ.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები