რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბაიდენი: პუტინი უკრაინელი ხალხის კულტურისა და იდენტობის განადგურებას ცდილობს

Slawomir Kaminski / REUTERS

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საზღვაო აკადემიის 2022 წლის კურსდამთავრებულებთან მიმართვის დროს უკრაინაში რუსეთის "სასტიკი" ომი დაგმო და აღნიშნა, რომ პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს. 

"ის არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას, არამედ ნამდვილად უკრაინელი ხალხის კულტურისა და იდენტობის განადგურებას ცდილობს. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმის გარდა, სხვა მიზანი არ აქვს". - თქვა ბაიდენმა.

ამასთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის ქმედებებმა, იმის ნაცვლად, რომ ევროპა ნეიტრალური გაეხადა და მისი "ფინეთიზაცია“ მოეხდინა, მთელი ევროპა გააერთიანა და მისი "NATO-იზაცია" განაპირობა.

"ეს ყველაფერი არის საგარეო პოლიტიკის ილუსტრაცია, რომელიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობაზეა აგებული, რათა გავზარდოთ ჩვენი ძალა, გადავჭრათ პრობლემები, გავძლიერდეთ იმის მიღმა, რისი გაკეთებაც მარტო შეგვიძლია და სტაბილურობა შევინარჩუნოთ“. - თქვა ბაიდენმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები