მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პენიტენციური სააკაშვილზე: გონების დაკარგვის სამედიცინო მტკიცებულებები არ გამოვლენილა

მიხეილ სააკაშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის "გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი". მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის დღეს ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 მაისს, კლინიკა ვივამედში ღამის საათებში, მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 სთ-ზე სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ და "დაკარგა გონება".

მიხეილ სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები - ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ - მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში" - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

კომენტარები