რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

THE GUARDIAN: პროკოპენკო ცოლს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ტყვე ჯარისკაცებზე არ ძალადობენ

დენის პროკოპენკო

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო ცოლს დაუკავშირდა და უთხრა, რომ  ამჟამად, ნორმალურ პირობებში იმყოფება. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

პროკოპენკოს ცოლის თქმით, ჯარისკაცმა მას უთხრა, რომ ტყვეობაში მყოფ უკრაინელ სამხედროებზე არ ძალადობენ, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, რამდენად თავისუფლად შეეძლო მას საუბარი ტელეფონზე. 

კატერინა პროკოპენკოს თქმით, კავშირი მანამდე დასრულდა, სანამ მისი ქმარი საკუთარ თავზე მეტს იტყოდა.

ქალმა დასძინა, რომ ტყვედ მყოფი ჯარისკაცები პირობებთან დაკავშირებით სხვა წყაროებიდან აქვს ინფორმაცია. პირობები, მისი თქმით, "დამაკმაყოფილებელია". უკრაინელებს აჭმევენ, წყალს ასმევენ და ყოველ შემთხვევაში, პატიმრებზე აქამდე არ უძალადიათ. 

"მან თქვა, რომ კარგად იყო და მკითხა, მე როგორ ვიყავი.

სხვა წყაროებიდან გავიგე, რომ პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. იკვებებიან და წყალს აძლევენ. პირობები არის ადეკვატური და ამ მოკლე პერიოდში მათზე ძალადობა არ მომხდარა.

რა იქნება შემდეგ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მაგრამ ახლა არის მესამე მხარეები – გაერო და წითელი ჯვარი, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას".- ამბობს ჯარისკაცის ცოლი. 

კატერინამ აღნიშნა, რომ წითელი ჯვრის შუამავლობით უკრაინისა და რუსეთის მთავრობებმა კოორდინაცია გაუწიეს ქმართან სატელეფონო ზარს.

კატერინას თქმით, პროკოპენკოს ინფორმაციით, დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა ოკუპირებულ იელენოვკას ციხეშია, მძიმე დაჭრილთა მცირე ჯგუფი რჩება ოკუპირებულ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში.

კატერინა პროკოპენკომ და აზოვის კიდევ ერთი ოფიცრის, არსენ ფედოსიუკის ცოლმა, იულიამ, განუცხადეს AP-ს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმებები ითვალისწინებს დაღუპული ჯარისკაცების სათანადო დაკრძალვას და სამხედრო ტყვეების გარკვეულ პირობებს, კერძოდ, ოჯახის წევრების გამოძახების შესაძლებლობას. რამდენიმე ოჯახმა უკვე მიიღო ზარი სამხედროებიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში.


17 მაისს უკრაინამ დაიწყო აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია. 

ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ვოლოდინი აზოვის მებრძოლებზე: ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ
რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები