რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სოროსი: ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენის საუკეთესო გზა პუტინის დამარცხებაა

ჯორჯ სოროსი

მილიარდერი ჯორჯ სოროსის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა გამოდგეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, რასაც "ჩვენი ცივილიზაცია ვერ გადაურჩება" და ამიტომ საჭიროა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დამარცხება. 

"რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამან ევროპა საძირკველამდე შეარყია... ევროკავშირი ასეთი შემთხვევების ასარიდებლად შეიქმნა. მაშინაც კი, როცა ბრძოლა შეწყდება, რაც საბოლოოდ უნდა მოხდეს, სიტუაცია სტატუს ქვო ანტეს აღარასდროს დაუბრუნდება. მართლაც, რუსეთის შეჭრა, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გამოდგეს და ჩვენი ცივილიზაცია, შესაძლოა, ამას ვერ გადაურჩეს". – თქვა სოროსმა მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე.

მილიარდერის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი არის ღია და ჩაკეტილი საზოგადოებების დაპირისპირების შედეგი.

"უკრაინაში შეჭრა არსაიდან არ მოსულა. მსოფლიო უფრო და უფრო ერთვება ერთმანეთის მოპირისპირე მმართველობის ორი სისტემის ჯახში: ღია საზოგადოება და დახურული საზოგადოება". – დაამატა მილიარდერმა.

ჯორჯ სოროსის თქმით, ომის გამო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლამ აქტუალურობა დაკარგა, რაც, მისი აზრით, შესაძლოა, ცივილიზაციის დასასრული გამომწვევი გახდეს.

"როცა ომია გაჩაღებული, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა მეორე ადგილზე გადავიდა. თუმცა ექსპერტები გვეუბნებიან, რომ უკვე ძალიან ჩამოვრჩით და კლიმატის ცვლილება გამოუსწორებლობის ზღვრამდეა. ეს შეიძლება ჩვენი ცივილიზაციის დასასრული იყოს". – თქვა სოროსმა.

სოროსი ცივილიზაციის გადარჩენის გზად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დამარცხებას აღიქვამს.

"ამიტომაც, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზება, რათა ომი ადრე დავასრულოთ. საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა, ჩვენი ცივილიზაციის გადასარჩენად, პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა". – აღნიშნა მილიარდერმა.

კომენტარები