საქართველოს პარლამენტი

27 მაისს ღარიბაშვილი და 3 მინისტრი ინტერპელაციის წესით დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ

27 მაისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის პროცედურა გაიმართება. ინტერპელაციის წესით პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებენ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე. განრიგი ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით კითხვაზე საპასუხოდ პარლამენტში ლელომ დაიბარა. პარტიაში ამბობენ, რომ ღარიბაშვილის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების მთავარი მიზანია გაეცეს პასუხი კითხვას – "რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად შავი ხვრელი".

ამასთან, 24 მაისს პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების და კანონპროექტების განხილვის შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართება თემზე: "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაცია".

25 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმენენ.

კომენტარები