რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანია მზადაა, უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს

REUTERS/Michele Tantussi/File Photo

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა გერმანულ რადიოში საუბრისას აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირმა ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. მისი თქმით, გერმანია მზადაა, სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, უნგრეთის გარეშე, დააწესოს ემბარგო რუსულ ნავთობზე.

"თუ ევროკავშირის პრეზიდენტი იტყვის, რომ ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო, უნგრეთის გარეშე, აპირებს, აირჩიოს ეს გზა [დააწესოს ემბარგო], მე მხარს დავუჭერ. თუმცა, ეს შემოთავაზება ევროკავშირისგან ჯერ არ ყოფილა". - თქვა ჰაბეკმა.

მან გააფრთხილა უნგრეთი, რომ არ უგულებელყოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციები.

"სხვადასხვა ქვეყნისთვის არ არსებობს განსხვავებული გამოსავალი. მე მოველი, რომ ყველამ, მათ შორის უნგრეთმა, იმუშაოს საერთო გამოსავალზე". - აღნიშნა მინისტრმა.

ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსეთის ნავთობზე დაგეგმილი ემბარგოს აქტიური მოწინააღმდეგეა. კომისიამ წევრ ქვეყნებს რუსეთის ნავთობის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტა შესთავაზა. მოსკოვთან დაახლოებულმა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარი სჭირდება.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები