რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბონი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15 ან 20 წელი დასჭირდება

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საკითხებში კლემენტ ბონი

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, კლემენტ ბონმა ფრანგულ რადიო J-სთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება.

"ჩვენ გულახდილები უნდა ვიყოთ. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 6 თვე, წელიწადი, ან ორი წელი დასჭირდება, თქვენ იტყუებით. ეს ალბათ 15 ან 20 წელში მოხდება, ამას დიდი დრო სჭირდება". - თქვა ბონმა.

ბონმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის "ევროპული პოლიტიკური საზოგადოების" შექმნის შეთავაზებაზე ისაუბრა და დასძინა, რომ მსგავსი მექანიზმი უკრაინის ბლოკთან ინტეგრაციას ხელს შეუწყობს.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავსი კომპრომისები დაგმო და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმართული პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები