ნიკა გვარამიას საქმე

"დვალი ТУТ, 10 000 ТУТ" – მთავარი არხის მხარდამჭერ ფონდში თანხა R2-ს დამფუძნებელმა შეიტანა

"დვალი ტუტ, 10 000 ტუტ" - ფონდში, რომელიც მთავარი არხის მხარდასაჭერად შეიქმნა, პირველი შენატანი, 10 000 ლარი რუსთავი ორის დამფუძნებელმა, დავით დვალმა გააკეთა. 

მედიის თავისუფლების ფონდის პრეზენტაცია მთავარი არხის პირდაპირ ეთერში შედგა.

"ეს არის ძალიან დიდი პატივი ჩემთვის, რომ ამ მებრძოლ კოლექტივს ამოვუდგე გვერდში ყველაზე კრიტიკულ ჟამს, ოღონდ არამარტო მთავარისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ის, რაც ახლა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს, იგივე ნიკა გვარამიას დაპატიმრება და ბევრი სხვა, რაც ბოლო დროს პროცესები ვითარდება, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ" -  ამბობს დვალი და კერძო კომპანიებს მიმართავს, განათავსონ რეკლამა მთავარ არხსა და სხვა კრიტიკულ მედიებში.

"ამით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა. თქვენ ამით მხარს დაუჭერთ არა მთავარ არხს, არამედ საქართველოს მომავალს" - თქვა მან.


რუსთავი ორის დამფუძნებელი დავით დვალი ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ რუსთავი ორის ამჟამინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს "იქით მოუწევს მილიონების ანაზღაურება იმის გამო, რაც გააკეთა რუსთავი ორთან დაკავშირებით, როცა ხელში ჩაიგდო". დვალი ამბობს, რომ პროკურატურაში შეტანილი აქვს მოთხოვნა, დაიწყოს გამოძიება, როგორ დათმო ქიბარ ხალვაშმა რუსთავი ორის აქტივები მედია ჰოლდინგის სასარგებლოდ.

"სიმბოლურ 10%-ად რაღაც ჰოლდინგს გადასცა მთელი ქონება - ბრენდი, თანამშრომლები, არაფრის დირექტორი და მფლობელი აღარ არის ქიბარ ხალვაში დიდი ხანია. ყველაფერი გადავიდა, ახალი კონტრაქტებია, რომელიც ჰოლდინგს ეხება. ვის სთხოვს მილიონებს, მან მთელი აქტივები გადასცა სრულიად უსასყიდლოდ. არაფერი მუდმივი არ არის, დრონი მეფობენ, ყველა აგებს პასუხს. ის, რაც გაუკეთა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი ორს, ნიშნავს დამოუკიდებელი საქართველოს მთელი მემატიანეს გაცამტვერებას. არ დაიჯეროთ, რომ დღეს რუსთავი ორია ეთერში, დღეს ეთერში არის რაღაც ჰოლდინგი, რომელსაც მითვისებული აქვს ლოგოც და თანამშრომლებიც. ასე მოკლეს და გაანადგურეს და ამის მერე ბედავს და ამბობს, რომ გვარამიამ მიაყენა ზიანი რუსთავი ორს?" - თქვა დავით დვალმა.

რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს 2019 წლის 18 ივლისს გადაეცა. 30 ივლისს ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, რომელზეც მათ უარი თქვეს. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ 2004 წელს იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანიის წილი. იმავე წელს გახდა ხალვაში მფლობელი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მას იძულებით შეაძენინეს წილი და შემდეგ იძულებით დაათმობინეს 2006 წელს. 

კომენტარები