რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სენატმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ს სენატმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა. 

კანონპროექტი სენატმა 86-11 ხმით მიიღო, რის შემდეგაც ის ხელის მოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეცემა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დამატებით $33 მილიარდის გამოყოფა სთხოვა. ამის საპასუხოდ, კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დამატებით $40 მილიარდის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. 

9 მაისს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

კომენტარები