რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ვლადიმირ პუტინი

კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, მარკო მენდიცინოს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. 

მინისტრი წერს, რომ სანქციები ასევე შეეხო პუტინის რეჟიმის თამოაზრეებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის არიან არაპროვოცირებულ შეჭრაზე პასუხისმგებელი ადამიანები. მისივე სიტყვებით, რუსეთის ამ მოქალაქეების წინააღმდეგ კანადას უკვე აქვს სანქციები დაწესებული, ახლა კი ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. მენდიცინოს შეფასებით, ეს ერთ-ერთი გზაა იმ მრავალთაგან, რომლითაც შესაძლებელია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე პასუხი აგოს. 

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინაში უკანონო და ამორალურ შეჭრაზე პასუხისმგებელმა პირებმა კანადაში უსაფრთხო თავშესაფარი ვერ იპოვონ". - წერს მენდიცინო.  

მისივე სიტყვებით, კანადა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. კანადას სანქციები რუსეთის და ბელარუსის, დაახლოებით, 1 000 მოქალაქისთვის აქვს დაწესებული. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები