LGBTQ ადამიანები

ჯეიკ დენიელსი უკანასკნელ 30 წელიწადში პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელიც დაქამინგაუთდა

17 წლის ფეხბურთელი, ჯეიკ დენიელსი უკანასკნელ 30 წელიწადში პირველი ინგლისელი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც დაქამინგაუთდა. ახალგაზრდა ფორვარდის განცხადება მისი კლუბის, ბლექპულის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დენიელსმა, რომლის პროფესიონალური დებიუტი ბლექპულის მთავარ გუნდში 7 მაისს შედგა, აღნიშნა, რომ მზად არის სხვებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცეს.

"შესაბამისი დრო არის იმისთვის, რომ ჩემი თავი ვიყო, თავისუფალი და თავდაჯერებული. ეს სეზონი ჩემთვის გამორჩეული იყო, თუმცა მოედნის მიღმა მე საკუთარ იდენტობას ვმალავდი. მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ გეი ვარ, ახლა კი ვგრძნობ, რომ მზად ვარ ქამინგაუთისთვის და საკუთარი თავად ქცევისთვის.

ეს არის ნაბიჯი უცნობი ფეხბურთელიდან ამ ქვეყნის ერთ-ერთ პირველ ფეხბურთელობამდე, რომელმაც საკუთარი სექსუალობა გაამჟღავნა, თუმცა მე ამის ძალა და გამბედაობა ჯოშ კავალიომ, მეთ მორტონმა, ტომ დელიმ და სხვა ათლეტებმა მომცეს.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მე განსაკუთრებული მხარდაჭერა და რჩევები მივიღე ჩემი ოჯახისგან, კლუბისგან, აგენტისგან, ორგანიზაცია Stonewall-ისგან და ყველა ადამიანისგან, ვინც ჩემი ინტერესები და კეთილდღეობა ყველაზე წინ დააყენა.

თავდაჯერებულობა გამიმყარეს, ჩემმა თანაკლუბელებმაც ბლექპულის ახალგაზრდული გუნდიდან. ისინი სიახლეს დადებითად შეხვდნენ და მხარი დაუჭირეს ჩემს გადაწყვეტილებას ამაზე ღიად საუბრის შესახებ. მთელი ცხოვრება მეზიზღებოდა ტყული და ვგრძნობდი საჭიროებას, რომ ამაზე მესაუბრა. მსურს სხვებისთვის მაგალითად ვიქცე.

აქ [საფეხბურთო სამყაროში] არიან ადამიანები, რომლების შესაძლოა, თავს კომფორტულად არ გრძნობენ თავიანთი სექსუალობის გამოხატვასთან, მე კი მათ მინდა ვუთხრა, რომ არ არის საჭირო შეცვალო შენი იდენტობა და მოერგო არსებულ რეალობა. შენ უბრალოდ შენი თავი უნდა იყო და უნდა იყო ბედნიერი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია". - წერს დენიელსი.

დენიელსის გადაწყვეტილებას მხარი ბლექპულთან ერთად ინგლისური კლუბების ასოციაციამ და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამაც დაუჭირა. მის განცხადებას გამოეხმაურა ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჰარი კეინიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ფეხბურთი ყველასთვის მიმღები უნდა იყოს.

"დიდი პატივისცემა ჩემგან შენ და შენს მეგობრებს, ოჯახს, კლუბსა და კაპიტანს, რომლებმაც მხარი დაგიჭირეს. ფეხბურთი ყველასთვის მიმღები უნდა იყოს". - წერს კეინი Twitter-ზე.

ახალგაზრდა ფორვადს მხარდაჭერა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ დენიელსი სხვებისთვის მაგალითის მიმცემი გახდება.

"მადლობა სიმამაცისთვის ჯეიკ, ამის ღიად თქმას დიდი გამბედაობა სჭირდება და შენ გახდები ინსპირაცია ბევრისთვის როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა". - წერს ჯონსონი Twitter-ზე.  

დენიელსამდე უკანასკნელი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც დაქამინგაუთდა, ჯასტინ ფაშანუ იყო, რომელმაც შესაბამისი განცხადება 1990 წელს გაავრცელა. ამის შემდეგ საკმაოდ წარმატებულმა ფეხბურთელმა კიდევ 7 წელი ითამაშა. 1997 წელს კი კარიერა დაასრულა. 1998 წელს აშშ-ში გადაბარგების შემდეგ, მას 17 წლის ბიჭმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივლა, ამავე წლის 3 აპრილს კი მერილენდის მერილენდის შტატის პოლიციამ მისი დაკავების ორდერი გასცა, თუმცა სამართალდამცველებს ფაშანუ სახლში არ დახვდათ. ამავე წლის 2 მაისს, ფაშანუმ ლონდონში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც მის მიერ დატოვებულ სუიციდის წერილში ეწერა, მას ეშინოდა, რომ მისი სექსუალური იდენტობის გამო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

კომენტარები