ნიკა გვარამიას საქმე

"გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს" – საფრანგეთის ელჩი გვარამიას დაკავებაზე

Ambassade de France en Géorgie / Facebook

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, მთავარი არხის დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთვის შეფარდებული სასჯელი კითხვებს აჩენს. ელჩი ამბობს, რომ სასამართლო საქმეებში თავიდან უნდა იქნას აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა.

"ვფიქრობ, ეს ბადებს კითხვებს. პირადად მე არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს. ფუნდამენტური კითხვა, ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აქ სასწორზე დევს, არის სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები კანონზე მაღლა დგანან, თუმცა, როდესაც არის სასამართლო დევნა, სასამართლო საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან იყოს აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა.

დგას თუ არა ეს საკითხი აქ, ეს არის კითხვა, რომელსაც ხალხი დასვამს, დაცულია თუ არა საქართველოში სრულად სიტყვის თავისუფლება თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა, ეს არის კითხვა. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იქნება, რატომ არის ოპოზიციურად განწყობილი ამდენი ადამიანი საქართველოში ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე მივიღებ ამ შეკითხვებს, მე არ მაქვს პასუხები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეკითხვებს მივიღებ". – თქვა კოლასმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები