ნარკოდანაშაული

შსს: აეროპორტში 12 კგ მარიხუანა ამოვიღეთ, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან შემოჰქონდათ

IBT

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები