რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა მობილიზებული სახმელეთო ძალების დაახლოებით მესამედი დაკარგა

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებისას მობილიზებული სახმელეთო ძალების დაახლოებით მესამედი დაკარგა. 

სამინისტროს შეფასებით, რუსეთის მიერ წამოწყებული იერიში უკრაინაზე საგრძნობლად ჩამორჩება გრაფიკს. მცირემასშტაბიანი საწყისი წინსვლის მიუხედავად, უკანასკნელი თვეების განმავლობაში რუსეთმა არსებითი ტერიტორიული წინსვლის მიღწევა ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც მისი ჯარი მნიშვნელოვან გამოფიტვას განიცდის. 

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალებმა წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, დიდი ალბათობით, ხარკოვის ბრძოლა მოიგეს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის გარშემო პოზიციების მიტოვება დაიწყეს. ამასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

უკრაინის ქვედანაყოფები ბელგოროდსა და იზიუმის ირგვლივ ოკუპანტების შეზღუდვასა და საკომუნიკაციო ხაზების ჩაჭრას ცდილობენ.

ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმ-დონეცკის მიმართულებით მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ანგარიშის მიხედვით, ომის ამ ეტაპზე, ოკუპანტების მიზანი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევაა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები