რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ომი მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაუბრუნებს თავის მთელ ტერიტორიას და ხალხს. ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას ისაუბრა. 

"ომი უკრაინელი ხალხისთვის დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. გულწრფელად ვამბობ: ძალიან ბევრი არ გვჭირდება... ჩვენ გვინდა მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მიწას".- ამბობს ზელენსკი. 

ზელენსკიმ ფრანგ ახალგაზრდებს უთხრა, რომ უკრაინა ახლა იბრძვის სიცოცხლის უფლებისთვის და ბრძოლის ველზე კარგავს საუკეთესო უკრაინელებს.  


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები