რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BBC: სარაკეტო იერიშის გამო, შარლ მიშელს ოდესაში თავშესაფარში გადასვლა მოუწია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში, კერძოდ კი ოდესაში ჩავიდა. მისი ვიზიტის დროს, ოდესის ოლქზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის გამოც მას თავშესაფარში გადასვლა მოუხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შარლ მიშელი უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა და მხარეები იძულებული გახდნენ, შეხვედრა შეეწყვიტათ და თავშესაფარში გადასულიყვნენ. შეხვედრას პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ერთვებოდა.

მიშელი ქალაქ ოდესაში ევროპის დღესთან დაკავშირებით და იმის სანახავად ჩავიდა, რუსეთის აგრესიამ მომარაგების გლობალურ ჯაჭვზე რა გავლენა მოახდინა.

უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაურმა მიშელს ინფორმაცია მიაწოდა იმ ზიანის შესახებ, რომელიც ზღვიდან გასროლილი რუსული რაკეტების შემდეგ ქალაქს მიადგა. აგრეთვე, მიშელმა საკუთარი თვალით ნახა განადგურებული სახლები და ომის გავლენა რიგით მოქალაქეებზე.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები