ფილიპინები

ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, გარდაცვლილი დიქტატორის შვილი იმარჯვებს

REUTERS/Eloisa Lopez    

ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მთავარი კონკურენტები ვიცეპრეზიდენტი, ლენი რობრედო და დიქტატორის ვაჟი, ყოფილი სენატორი და კონგრესმენი, ფერდინანდ მარკოს უმცროსია. ისინი 2016 წელს ერთმანეთს ვიცეპრეზიდენტობისთვის დაუპირისპირდნენ და მხოლოდ 200 000 ხმის განსხვავებით წარმატება წილად ლენი რომბრედოს ხვდა. 

წინასწარი კვლევებით, არჩევნებში ფერდინანდ მარკოსი ლიდერობს. ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რაც მარკოსის გამარჯვებას ხელს შეუწყობს.

საარჩევნო უბნები დღეს დილის 6 საათზე გაიხსნა და დახურვა 7 საათზე იგეგმება. ფილიპინებში საპრეზიდენტო არჩევნები ერთტურიანია და უბნების დახურვის შემდეგ, წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.  დღეს ამომრჩეველი პირდაპირი წესით არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ვიცეპრეზიდენტს, სენატორებს, ქვედა პალატის წარმომადგენლებს, გუბერნატორებსა და ათასობით ადგილობრივ პოლიტიკოსს, მათ შორის მერებსა და საკრებულოების წარმომადგენლებს ირჩევენ. 

64 წლის მარკოსმა საკუთარ პროვინციაში, ილოკოს ნორტეში, დაცვისა და ოჯახის წევრების თანხლებით მისცა ხმა. იქვე იყო მისი შვილიც, რომელიც კენჭს კონგრესში მოსახვედრად იყრის. მარკოსის მამა დიქტატორია, რომლის ორათწლეულიანი მმართველობა საზოგადოებრივი აჯანყებით დასრულდა. მის ოჯახს კი ქვეყნის დატოვება მოუწია, ხოლო პოლიტიკური ძალაუფლება დიქტატორის სიკვდილის შემდეგ აღიდგინა.

2022 წლის ვიცეპრეზიდენტის არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს ქალიშვილი, სარა დუტერტე-კარპიო ლიდერობს. მარკოსი და დუტერტე-კარპიო ერთმანეთს მხარს უჭერენ. 

მედიის ცნობით, ზოგიერთ საარჩევნო უბანთან დათვლის აპარატის გაუმართაობის გამო გრძელი რიგები შეინიშნება. ამასთანავე, პოლიცია მაგუნდანაოს პროვინციაში, სამხრეთ მინდანაოს რეგიონში, ადგილობრივი სამშვიდობო ძალების სამი წევრის მკვლელობას იძიებს, რომლებსაც თავდამსხმელებმა საარჩევნო უბნის მახლობლად ესროლეს. დამნაშავის ვინაობა და დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები