რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შოლცი: უკრაინა გადარჩება, თავისუფლება და უსაფრთხოება კვლავ გაიმარჯვებს

Soeren Stache/AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპის გამარჯვების დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას ბარბაროსობა უწოდა. ასევე, ოლაფ შოლცის სიტყვებით, შიშმა მოძრაობის უნარი არ უნდა წაგვართვას, რადგან რუსეთი აუცილებლად დამარცხდება.

"უკრაინა გადარჩება. თავისუფლება და უსაფრთხოება კვლავ გაიმარჯვებს - ისევე, როგორც ეს 77 წლის წინ, დიქტატურისა და ძალადობის დამარცხებისას მოხდა.

ჩვენ უკრაინას აგრესორთან ბრძოლაში მხარს ვუჭერთ. სხვა შემთხვევაში, უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა უხეში ძალადობის წინაშე კაპიტულაციასა და აგრესორის გაძლიერებას ნიშნავს". - თქვა ოლაფ შოლცმა.

დღეს, 8 მაისს ევროპაში მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ. 

ევროპისგან განსხვავებით, რუსეთში მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების თარიღად 1945 წლის 9 მაისია აღიარებული.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 9 მაისს უკრაინის  დედაქალაქში - კიევში მიიწვია.

ზელენსკის თქმით, შოლცს 9 მაისს კიევში ჩასვლით "ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯის" გადადგმა შეუძლია.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები