რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ისრაელი: პუტინმა ლავროვის ანტისემიტური კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა

Kremlin.ru

ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ანტისემიტური კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა.

"პრემიერმინისტრმა მიიღო პრეზიდენტი პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარსთვის და მადლობა გადაუხადა მას ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევით გამოხატვისთვის". – წერია ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებაში.

რუსეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვს იტალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ როგორ ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის "დენაციფიკაციის" მცდელობას, მაშინ, როცა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ებრაელია.

"მერე რა რომ ზელენსკი ებრაელია. ეს ფაქტი უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა... ზოგიერთი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია". – უპასუხა სერგეი ლავროვმა შეკითხვას.

ამ ფაქტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლავროვის კომენტარი უპატიებელია და ისრაელი მისგან ბოდიშს ელის. 

ასევე, ამ სიტყვების განმარტებისთვის ისრაელმა რუსეთის ელჩი გამოიძახა.

"ეს არის უპატიებელი და მიუღებელი კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ბოდიშს ველით... ებრაელები ჰოლოკოსტში საკუთარ თავებს არ ხოცავდნენ. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა არის თავად ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება". – თქვა იაირ ლაფიდმა სერგეი ლავროვის სიტყვებზე.

კომენტარები