მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

"ტალღა აუცილებლად აგორდება" – სააკაშვილის ოჯახის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ოჯახის წევრების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება. ისინი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას და მის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნას ითხოვენ.

"აქ არიან რიგითი მოქალაქეები, მთავარია, რომ ტალღა აუცილებლად აგორდება და ჩვენ ვიხილავთ აუცილებლად მიშა სააკაშვილს ჯანმრთელს, რაც არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული" - ამბობს ექსპრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მეორე ძმის, დავით სააკაშვილის თქმით კი, "ვსაუბრობთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე, რასაც ჰქვია სიცოცხლის უფლება და ამაზე გარანტი უნდა იყოს სახელმწიფო, შესაბამისად, გვინდა გავაგონოთ ხმა ჩვენს ხელისუფლებას".

6 მაისს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს თბილისსა და ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამართავს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

კომენტარები