დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება, სიტუაცია კვლავ დაძაბულია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის" აქციები გრძელდება.

4 მაისის საღამოს პარლამენტის შენობასთან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები ჯერ მერიის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობისკენ გაემართნენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფაშინიანი მთელი მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემის გეგმის შედგენაში დაადანაშაულეს. სომხეთში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ თვეს ფაშინიანმა თქვა, რომ "საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს მოუწოდებს, შეამციროს მოთხოვნები ყარაბაღთან დაკავშირებით". 

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, "აქციის ორგანიზატორები ქვეყნის დესტაბილიზაციას, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შელახვის მიზნით დემონსტრანტების წაქეზებას გეგმავენ“.

ოპოზიციის ლიდერმა, იშხან საღათელიანმა, რომელმაც ფაშინიანს "მოღალატე" უწოდა, აღნიშნა, რომ პროტესტი გაიზრდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს.

”ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთზე - მათ დაუყოვნებლივ წასვლაზე”. - თქვა მან.

ხუთპუნქტიანი შეთანხმება აზერბაიჯანმა სომხეთს მარტის შუა რიცხვებში გადასცა. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბრიუსელში, 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც მონაწილეობდა, შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრა გასული თვის დაძაბულობის შემდეგ გაიმართა. მარტში, ყარაბაღში, რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანმა, სომხეთის ბრალდებით, ერთი სოფელი დაიკავა და იყო შეტაკებებიც, რასაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხარეს მებრძოლი რამდენიმე სომეხის სიცოცხლეც ემსხვერპლა. დაძაბულობას მოჰყვა ბაქოსა და მოსკოვის ოფიციალური უწყებების მწვავე განცხადებების გაცვლაც.

ვრცლად ყარაბაღის გასული თვის დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს.

ამას გარდა, ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მუდმივი დაძაბულობა და შეტაკებები იყო.

კომენტარები