დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

Hwasong-17-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღლუმზე

იაპონიისა და სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ბალისტიკური რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა.

იაპონიის მხარის ინფორმაციით, რაკეტა ადგილობრივი დროით 12:10-ზე გაუშვეს, ხოლო 12:24-ზე ზღვაში ჩამოვარდა. სამხრეთ კორეის ცნობით, რაკეტა ფხენიანის სუნანის რაიონიდან იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს.

იაპონიის მთავრობაში ამბობენ, რომ რაკეტა იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.

ბოლო პერიოდში ჩრდ. კორეამ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა აქტიურად განაახლა. არსებობს შიშები, რომ ფხენიანი ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდებსაც გააგრძელებს. ბოლო მსგავსი გამოცდა 2017 წელს ჩაატარეს, როდესაც თქვეს, რომ თერმო-ბირთვული იარაღი გამოსცადეს.

24 მარტს, ჩრდილოეთ კორეამ მისივე გამოცხადებული მორატორიუმი დაარღვია და აკრძალული კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეისა და აშშ-ს მაღალჩინოსნების ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოცდების გაგრძელებას გეგმავს.

კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ დააჩქარებდა ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს.

კომენტარები