რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ პუტინი თავს სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება

Christophe Gateau/AFP via Getty Images

"გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გათვალისწინებით, ვერავინ ივარაუდებს, რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. შოლცი ამბობს, რომ გერმანია დაუჭერს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ.

"ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებშიც ძალადობით არ დაარღვევს საერთაშორისო სამართალს". – თქვა შოლცმა.

გამოცემა Stern-თან ინტერვიუში შოლცმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას იმპერიალისტური უწოდა და თქვა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს რუსეთის უკანა ეზოდ თვლის.

"მას სურს ტერიტორიის გაფართოება და ძალადობით საზღვრების გადაწევა. ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას შეცვლილ სამყაროში". – თქვა შოლცმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას განიხილავენ. ჯერჯერობით, არც ფინეთსა და არც შვედეთს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი NATO-ში გაწევრიანებას 12 მაისს გადაწყვეტს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები