ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ჯონი დეპი vs ამბერ ჰერდი: გახმაურებული ვარსკვლავური დავის სრული ისტორია

The Star

21-ე საუკუნის ყველაზე გახმაურებული ვარსკვლავური განქორწინება - ამ სათაურით მოიხსენიებენ გამოცემები ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის დავას, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო.

წარმოგიდგენთ შვიდწლიანი კონფლიქტის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს.

პრეისტორია

წყვილი 2015 წელს დაქორწინდა, მათი ოჯახური ცხოვრება ერთ წელიწადში დასრულდა. ჰერდმა სასამართლოსგან შემაკავებელი ორდერი მოითხოვა, მსახიობის თქმით, დეპი არაფხიზელ მდგომარეობაში მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდა. რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ წყვილი ოფიციალურად განქორწინდა, სასამართლომ შემაკავებელი ორდერი არ გასცა, ყოფილი ცოლი ალიმენტის ნაცვლად ერთჯერად კომპენსაციას დათანხმდა, რომლის ოდენობაც $7 000 000-ს შეადგენდა.

დავა The Sun-თან

მიუხედავად სასამართლო დავის დასრულებისა, წყვილის გარშემო პრესაში მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა. ჰერდმა სხვადასხვა გამოცემებთან ინტერვიუებში დეპს არაერთხელ უწოდა მოძალადე. ბოლო წვეთი იყო ბრიტანული ტაბლოიდის, The Sun-ის სტატია, რომელშიც გამოცემამ დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 2019 წლის დასაწყისში მსახიობმა ყოფილი ცოლისა და გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000 მოითხოვა.

The Sun-თან დავის პერიოდში ყოფილი ცოლ-ქმრის ოჯახური ცხოვრებიდან არაერთი უსიამოვნო დეტალი გახდა ცნობილი. 

ონლაინ სივრცეში გამოჩნდა დეპის მიერ ჩაწერილი სატელეფონო საუბარი. ყოფილი ცოლ-ქმარი 46 წუთის განმავლობაში კამათობს, წყვილი სწორედ იმ ინციდენტს იხსენებს, რომელზეც ჰერდმა პრესასთან არაერთხელ ილაპარაკა. მისი თქმით, ერთ-ერთი ფრენისას ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დეპმა დაარტყა. ჩანაწერში ჩხუბის დეტალებს განიხილავენ, საიდანაც ირკვევა, რომ ფრენის დროს ჰერდმა ქმარს რამდენჯერმე სახეში გაარტყა, დეპმა ხელი ჰკრა თავდამსხმელს, თვითმფრინავის მეორე ბოლოში გაიქცა და ფრენის ბოლომდე ტუალეტში ჩაიკეტა. 

"მე გირტყამდი, ხელი არ მიკრავს... როგორც ყოველთვის, მშიშარა აღმოჩნდი და ჩხუბს გაექეცი".  – ამბობს აუდიოჩანაწერში ჰერდი.

მოგვიანებით მომჩივნის ადვოკატებმა ჰერდი ცრუ ჩვენების მიცემაში ამხილეს. ერთ-ერთ ჩვენებაში ყოფილი ცოლი ფიზიკური ძალადობის, რომლისგანაც მას სახეზე ჩალურჯებები დარჩა, ზუსტ თარიღს ასახელებს. იურისტების განცხადებით, არსებობს რამდენიმე დღის შემდეგ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჰერდს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

The Sun-ის ადვოკატების მტკიცებით, ქორწინების პერიოდში დეპი ალკოჰოლს, კოკაინს და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მსახიობს ძალადობის ფაქტები უბრალოდ არ ახსოვდეს. მოსაზრების გასამყარებლად დაცვამ წარმოადგინა ფოტო, რომელზეც მსახიობი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იატაკზე წევს.

ხანგრძლივი პროცესის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია კი ინციდენტი გახდა, რომელიც დეპმა გაიხსენა. მისი თქმით, დიდი ხმაურიანი წვეულების შემდეგ, დილით, საკუთარ ლოგინში ფეკალური მასა აღმოაჩინა. ჰერდმა არაპირდაპირ უთხრა, რომ უღირსი საქციელი ხუმრობით ჩაიდინა. 

საბოლოოდ, ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დეპს საჩივარი არ დაუკმაყოფილა. 

The Sun-თან წაგებული სასამართლო დავის შემდეგ დეპს ჰოლივუდში სერიოზული პრობლემები შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს არ წაუგია დავა უშუალოდ ყოფილ ცოლთან, დიდი სტუდიებისთვის გამოცემასთან დამარცხება საკმარისი აღმოჩნდა. დეპი მოხსნეს ფანტასტიკური ცხოველების მესამე ნაწილიდან, ასევე, რამდენიმე სტრიმინგ სერვისზე გაქრა მისი ფილმები. 

2021 წელს დეპმა სააპელაციო საჩივარიც შეიტანა, თუმცა სასამართლომ საქმის ხელახალ განხილვაზე უარი თქვა.

ახალი სასამართლო დავა

2022 წლის 11 აპრილს, ვირჯინიას შტატში ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო. ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად კვლავ $50 000 000 მოითხოვა. 

სასამართლო პროცესი მეოთხე კვირაა, მიმდინარეობს. მოწმეთა სიაში მოხვდნენ ცნობილი მსახიობები - ჯეიმს ფრანკო და პოლ ბეტანი, ასევე, მილიარდერი ილონ მასკი. 

პირველი კვირა

პირველი მოწმე, რომელმაც დეპის სასარგებლოდ მისცა ჩვენება, მისი და კრისტი დემბროვსკია, ოჯახის წევრი ასევე მსახიობის პირადი მენეჯერია.

დემბროვსკის თქმით, თავად დეპი ბავშვობაში არაერთხელ იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ის ხშირად ემალებოდა დედას. ზრდასრულ ასაკში, მისმა ძმამ ფიცი დადო, რომ მის სახლში არავინ არასდროს იქნებოდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. დემბროვსკიმ ასევე დაადასტურა, რომ დეპი, ჰერდთან ერთად მოგზაურობისას, სასტუმროში დამატებით ოთახს ქირაობდა, რათა ჩხუბის შემთხვევაში კონფლიქტს გასცლოდა და ცოლისგან დამალულიყო. მსახიობის დამ ასევე აღნიშნა, რომ ძმის ნარკოდამოკიდებულებაზე ნერვიულობდა.

მეორე მოწმე დეპის მეგობარი და მეზობელი, მხატვარი ისააკ ბარუხი იყო. 

"2016 წლის მაისში ჰერდმა მითხრა, რომ ქმარმა ტელეფონი ესროლა და სცემა. შევათვალიერე მისი სახე და ძალადობის ვერანაირი კვალი ვერ შევნიშნე, ასევე არ შემიმჩნევია მაკიაჟი, მაგრამ არ მოგატყუებთ, მაკიაჟში კარგად ვერ ვერკვევი. დეპის ოჯახი ჰერდმა დაანგრია, თავისი თაღლითური განცხადებებით. ეს სიგიჟე და უსამართლობაა". - ამბობს მხატვარი.

ბრალდების მხარემ სასამართლოს ასევე წარუდგინა ჰერდის ყოფილი ასისტენტის, ქეით ჯეიმსის ჩვენებები. ჯეიმსმა ყოფილ დამქირავებელს "აგრესიული და მჩაგვრელი" უწოდა. ჯეიმსის თქმით ჰერდი ხშირად აგინებდა და აფურთხებდა, ასევე, უგზავნიდა შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს, ხშირად იღებდა ფსიქოდელიურ სოკოებს, ექსტაზსა და კოკაინს. ყოფილმა ასისტენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჰერდი საკუთარ დას "ძაღლივით ექცეოდა".

მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა წყვილის ერთობლივმა ფსიქოთერაპევტმა, ლორელ ანდერსონმა, რომელიც დეპსა და ჰერდთან 2015 წელს მუშაობდა. ფსიქოლოგის განმარტებით, ძალადობა ორმხრივი იყო. მისი აზრით, ჰერდს პანიკურად ეშინოდა, რომ ქმარი მიატოვებდა, საკუთარ შიშებს მსახიობი ძალადობით გამოხატავდა, დეპი ცდილობდა ძალადობის შემსუბუქებას, მაგრამ ხშირად კონფლიქტის არიდებას ვერ ახერხებდა. ანდერსონის აზრით, დეპი ათწლეულების განმავლობაში კარგად აკონტროლებდა საკუთარ ემოციებს, ჰერდი გახდა ის მაპროვოცირებელი ელემენტი, რომელმაც დეპს ძალადობისკენ უბიძგა. 

"ჰერდი ყოველთვის იწყებდა ჩხუბს, თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. და თუკი დეპი ცდილობდა კონფლიქტისგან დისტანცირებას, ჰერდი უფრო ბრაზდებოდა და ქმარზე ფიზიკურად ძალადობდა". - იხსენებს ანდერსონი.

მეორე კვირა

მეორე კვირა დეპის პირადი ექიმის, დევიდ კიპერის ჩვენებით დაიწყო.

კიპერის თქმით, ერთ-ერთი ჩხუბის დროს ჰერდმა ქმარს ბოთლი ესროლა, რომელიც დეპს ხელში მოხვდა. დეპმა დახმარებისთვის ექიმს მიმართა, დათვალიერების დროს კიპერმა აღმოაჩინა, რომ მსახიობს თითის ნაწილი მოჭრილი ჰქონდა. თითის ნაწილი წყვილის პირადმა მზარეულმა იპოვა და საავადმყოფოში მიიტანა. დეპს თითის შესანარჩუნებლად ოპერაციის გაკეთება მოუწია. 

კიპერის მონაყოლს ადასტურებს მისი ასისტენტი, ექთანი დები ლოიდიც. 

დეპის სასარგებლოდ კიდევ ერთი ჩვენება მისცა მისმა ტექნიკოსმა, კინან უაიატმა:

"არასდროს შემინიშნავს ბატონი დეპის მხრიდან ძალადობა. თვითმფრინავით მოგზაურობაც მახსოვს, რომლის შესახებ ქალბატონმა ჰერდმა ილაპარაკა (ჰერდის თქმით, დეპმა თვითმფრინავში მასზე ფიზიკურად იძალადა). პირიქით, ჰერდი დეპს ცივად ექცეოდა, მე კი უმიზეზოდ მიყვირა".

მეორე კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენება სასამართლოს თავად ბრალმდებელმა, ჯონი დეპმა მისცა.

მსახიობის თქმით, მას ქალზე ცხოვრებაში არ უძალადია და სასამართლოში ყოფილ ცოლს იმიტომ უჩივის, რომ აღიდგინოს თავისი კეთილი სახელი და კარიერა. დეპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ნარკოდამოკიდებულების პრობლემები ჰერდისა და ყვითელი პრესის მიერ გაბუქებულია, ჰერდთან ურთიერთობის პერიოდში ისე რეალურად მხოლოდ ერთ დეპრესიის სამკურნალო საშუალებას, როქსიკოდონს იღებდა. 

დეპის თქმით, ჰერდისგან "გაუთავებელი შეურაცხყოფის" ატანა უწევდა. ასევე, ყოფილი ცოლი პერიოდულად მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მსახიობმა თვითმფრინავის ისტორიაც გაიხსენა, მისი თქმით, კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით საპირფარეშოში ჩაიკეტა და მთელი ფრენის განმავლობაში არ გამოსულა. 

"თითის მოჭრის" ინციდენტი მსახიობმა ასე აღწერა:

"მან (ჰერდმა) სკანდალი მოაწყო. მე ისევ საპირფარეშოში ჩავიკეტე. კარზე აბრახუნებდა და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვიროდა. რაღაც მომენტში გარეთ გამოვედი და ალკოჰოლი დავლიე, ამაზე საშინელი რეაქცია ჰქონდა, ორი არყის ბოთლი მესროლა, ნატეხი ხელში მომხვდა და თითის ნაწილი დავკარგე. ამის შემდეგ ნერვული აშლილობა დამემართა, სარდაფში ჩავიკეტე და საკუთარი სისხლით კედლებზე წერა დავიწყე. საავადმყოფოში ექიმებს დეტალები არ მოვუყევი". 

დეპმა 2016 წლის ამბავიც გაიხსენა, როდესაც ცოლმა სახეში სილა გაარტყა. დილით კი ლოგინში ფეკალიები დაახვედრა.

ჰერდის ადვოკატებმა სასამართლოში მსახიობების მიმოწერა წარადგინეს:

"შენთან ურთიერთობის დასრულებიდან ერთ კვირაში საშინლად მცემე... კარგია, რომ სიგარეტის ნამწვავებს აღარ ჩამაწვავ". – წერს ჰერდი დეპს.

მიმოწერაში დეპმა ყოფილ ცოლს რამდენჯერმე მიმართა სიტყვებით "მუ**ლი", "ბინძური ბ**ი".

დაცვამ ასევე წარადგინა დეპის მიერ, მსახიობ პოლ ბეტანისადმი მიწერილი მოკლეტექსტური შეტყობინება:

"ამბერი უნდა დავწვათ. ჯერ წყალში დავახრჩოთ და მერე დავწვათ. მერე მაგის დამწვარ გვამს მოვ***ავ, უნდა დავრწმუნდე, რომ მკვდარია". – დეპის თქმით, მხოლდო "მონტი პაიტონის სტილში" ხუმრობა იყო, რომელიც ახლო მეგობარს მიწერა.

ჯონი დეპისა და პოლ ბეტანის მიმოწერა

მესამე კვირა

ტარა რობერტსის თქმით, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე დეპის პირად საკუთრებაში მყოფ კუნძულს განაგებდა, აღნიშნა, რომ ჰერდის სხეულზე არასდროს შეუმჩნევია ძალადობის კვალი, დეპს კი რამდენიმე დღე ცხვირზე ჰქონდა ჩალურჯება. რობერტსის თანდასწრებით ჰერდმა ქმარს "ჩარეცხილი მსახიობი, რომელიც მსუქან, მარტოხელა ბებრად მოკვდება" უწოდა. მენეჯერმაც აღნიშნა, რომ დეპი ბევრ შეურაცხყოფას იტანდა და კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდა. რობერტსმა დეპის ალკოჰოლთან პრობლემებზეც ისაუბრა, ერთხელ მსახიობი ჰამაკიდან გადმოვარდნილი, უგონო მდგომარეობაში იპოვა. შემთხვევის შემდეგ დეპის ორი შვილი და ჰერდი კუნძულიდან სახლში გაემგზავრნენ.

2016 წელს წყვილს კიდევ ერთი დიდი ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც ჰერდმა პოლიცია გამოიძახა. სასამართლოზე წარადგინეს პოლიციელების მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად ვერც ჰერდის სხეულზე და ვერც სახლში ძალადობის ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს და განყოფილებაში დაბრუნდნენ.

დეპის ადვოკატებმა ექიმი შენონ კარი, სასამართლოს ფსიქოლოგი დაიქირავეს, რომელმაც ჰერდს სპეციალური ტესტები ჩაუტარა, ასევე მსახიობთან ჯამში 12 საათი გაატარა, შეისწავლა მისი ადრეული ჩანაწერები, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალა. ექიმის აზრით, მსახიობს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სიმპტომები აქვს. მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა აგრეთვე ცნობილია, როგორც ემოციურად არასტაბილური პიროვნების აშლილობა, არის გრძელვადიანი პათოლოგიური ქცევების პატერნი, რომელიც ხასიათდება ხალხთან არასტაბილური ურთიერთობით, საკუთარი თავის არასტაბილური აღქმითა და არასტაბილური ემოციებით. სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჰერდი ამტკიცებდა, რომ დეპთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ მას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) განუვითარდა, კარმა აშლილობის სიმპტომები ვერ აღმოაჩინა.

პროცესზე წარადგინეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც American Civil Liberties Union-ის დირექტორი, ტერენს დოჰერტი აღიარებს, რომ 2018 წელს Washington Post-ში გამოქვეყნებული ცნობილი ოპ-ედი, რომელშიც ჰერდი დეპს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, მასთან შეთანხმებული და რამდენჯერმე გადაკეთებული იყო. პრესაში ოპ-ედის გამოქვეყნება კი, იმ წელს გამოსული აქუამენის პიარ კამპანიის ნაწილად იყო ჩაფიქრებული. დოჰერტიმ ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი უფლებადამცველი ორგანიზაციისთვის განქორწინებიდან მიღებული 7 მილიონი დოლარიდან ნახევარი უნდა მიეღო, თუმცა ჰერდმა მას მხოლოდ 1.3 მილიონი დოლარი გადაურიცხა და დარჩენილი თანხის ჩარიცხვაზე უარი თქვა.

მეოთხე კვირა

გახმაურებული პროცესის მეოთხე კვირას, ამბერ ჰერდს საკუთარი თავის დაცვისა და ჯონი დეპის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემის საშუალება მიეცა. მსახიობის გარდა სასამართლოს წინაშე დაცვამ რამდენიმე მოწმეც წარმოადგინა.

დაცვის პირველი მოწმე სერტიფიცირებული სასამართლოს ფსიქოლოგი, ტრავმატული სტრესისა და ძალადობრივი მოპყრობის ექსპერტი დაუნ ჰიუზი გახდა. თერაპევტმა ჰერდთან 2019 და 2021 წლებში ჯამში 29 საათი იმუშავა. ჰიუზის თქმით ჰერდმა მას დეპის მხრიდან სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ შეატყობინა. ფსიქოლოგმა ჰერდს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვა, ასევე ეჭვი შეიტანა ბრალდების მხარის ფსიქოლოგის დასკვნაში(დეპის ადვოკატების მიერ დაქირავებული ფსიქოლოგის დასკვნით ჰერდს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სინდრომი აქვს). ჰიუზმა აღნიშნა, რომ ბრალდების მიერ გაჟღერებული დიაგნოზის სიმპტომები არც ერთ სხვა ფსიქოლოგს, რომელიც ჰერდთან სხვადასხვა დროს მუშაობდა, არ შეუმჩნევია. ასევე ჰიუზმა ბრალდების მხარეს დაუდასტურა, რომ ჰერდიც ფიზიკურად ძალადობდა დეპზე.

ჰიუზის შემდეგ სასამართლოს ჩვენება თავად ჰერდმა მისცა. მისი თქმით ჯერ კიდევ 2012 წელს დეპი მას აკონტროლებდა და რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ფიზიკურად პირველად 2013 წელს გაუსწორდა, მას შემდეგ რაც ჰერდმა დეპს ერთ-ერთ ტატუს გამო დასცინა. 

ჰერდის თქმით ყოფილი ქმარი ძალიან ეჭვიანი იყო, უშლიდა მუშაობას, მათი ურთიერთობა უსასრულო ბრძოლას დაემსგავსა, სიტუაციას ართულებდა დეპის დამოკიდებულება ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე:

"როდესაც ის ფხიზლდებოდა, ისევ ის წარმოუდგენლად თბილი, გულუხვი, კეთილი ადამიანი ხდებოდა, რომელიც მიყვარდა".

ჰერდის თქმით ჩალურჯებების კვალს კოსმეტიკით მალავდა და სასამართლოში ჩხუბის შემდგომი დაზიანებების რამდენიმე ფოტოც წარმოადგინა. 

მსახიობმა ასევე დეპის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა – 2013 წელს დეპმა უცხო ქალზე იეჭვიანა, რომელიც ჰერდს ეფლირტავებოდა, შემდეგ ჰერდი სცემა და გააუპატიურა.

ჰერდმა თვითმფრინავის ინციდენტიც გაიხსენა. ქალის თქმით დეპმა ამჯერად ჰერდის ეკრანულ მეწყვილეზე, ჯეიმს ფრანკოზე იეჭვიანა, შემდეგ ზურგში ფეხი ჩაარტყა. ჩხუბს არაერთი ადამიანი შეესწრო, თუმცა არავინ ჩარეულა. ამის შემდეგ დეპი თვითმფრინავის ტუალეტში ჩაიკეტა და გონება დაკარგა. ნაფიც მსაჯულებს რამდენიმე მოკლეტექსტური შეტყობინება აჩვენეს, რომლებშიც დეპი ბოდიშს იხდის, ასევე აუდიოჩანაწერი, რომელშიც კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავი ყმუის. 

აქუამენის მსახიობის განმარტებით დაოჯახების შემდეგ დეპის მხრიდან ძალადობის ფაქტები გახშირდა: 2015 წელს, ავსტრალიაში, კარიბის ზღვის მეკობრეების გადაღებების მსვლელობისას დეპმა ჰერდი ლიქიორის ბოთლით გააუპატიურა, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპმა 10 აბი MDMA მიიღო და ცოლს სხვა მსახიობებთან ფლირტი დააბრალა, იმავე დღეს მსახიობმა ჰერდს არყის რამდენიმე ბოთლი ესროლა, შემდეგ ბოთლის ნატეხი სახესთან მიუტანა და დასახიჩრებით დაემუქრა. დაცვამ რამდენიმე ფოტო წარმოადგინა, რომელზეც აღნიშნული ჩხუბისა და გაუპატიურების შემდეგ დაზიანებული სახლი ჩანს. იმავე წელს დეპმა ცოლს არაერთხელ სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დროისთვის სასამართლოს პროცესი შეჩერებულია, ყოფილი ცოლ-ქმარი დავას ორ კვირაში გააგრძელებს.

მეხუთე კვირა

მეხუთე კვირას, ამბერ ჰერდმა სასამართლოს ახალი ჩვენებები მისცა. ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარდგნენ ასევე სუპერმოდელი ქეით მოსი, მსახიობი ელენ ბარკინი, ასევე ამბერ ჰერდის უმცორის და, უიტნი ენრიკესი.

ჰერდმა დეპის მხრიდან ძალადობის კიდევ რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა. 2015 წელს, აღმოსავლეთ ექსპრესის გადაღებების პერიოდში, ყოფილმა ქმარმა სცემა და მისი დახრჩობა სცადა. ჰერდის თქმით დეპი ხშირად თვითდესტრუქციული იყო და საკუთარ სხეულს დაზიანებებს აყენებდა.

"ჩხუბის დროს ხშირად ხელებს და მკერდს ისერავდა. ასევე სიგარეტით იწვავდა სხეულს". – ამბობს ჰერდი.

ჰერდის თქმით 2016 წლის დასაწყისისთვის დეპმა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე სრულად დამოკიდებული გახდა. მას ეჩვენებოდა ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არ იყვნენ, "ძალადობა გახდა ყოველდღიურობა და არა გამონაკლისი". 22 აპრილს, ჰერდის დაბადების დღეზე, ქმარმა შამპანურის ბოთლი ესროლა ნახატს, შემდეგ ცოლი ძირს დააგდო. მაისში, მორიგი ჩხუბის დროს დეპმა სახეში ტელეფონი ესროლა და შემდეგ თმით ათრია ცოლი. ჰერდმა ჟიურის სახესა და კისერზე ძალადობის კვალის ამსახველი ფოტოები წარუდგინა. 

მსახიობის თქმით მას არ უნდოდა ძალადობის შესახებ საზოგადოებას შეეტყო, ამიტომ პოლიციას არ იძახებდა, ასევე მალავდა ჩალურჯებებს და არავის უყვებოდა პრობლემის შესახებ.

სასამართლოზე ჯონი დეპის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ჰერდის უმცროსმა დამ, უიტნი ენრიკესმა.

ენრიკესის თქმით ის დასთან და მის ქმართან ერთად ცხოვრობდა და სიძე, როგორც საკუთარი ძმა უყვარდა. ცნობილი მსახიობის დამ მოყვა, რომ დეპთან ერთად კოკაინი მოიხმარა, არაფხიზელ მდგომარეობაში ენრიკესსა და დეპს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"უკნიდან მომეპარა და ზურგში ჩამარტყა. გავიგონე ამბერის შეძახილი "ხელი არ ახლო ჩემს დას, ნა***ვარო". ამბერმა ხელი დაარტყა, საპასუხოდ ჯონი ცალი ხელით თმაში წვდა, მეორეთი კი რამდენჯერმე სახეში ჩაარტყა". – ამბობს ენრიკესი.

ჰერდის დამ ასევე ინციდენტი გაიხსენა, როდესაც დეპმა Red Bull-ის ქილა საკუთარ ექთანს, დები ლოიდსს ესროლა. ლოიდმა თავდასხმის ფაქტი საკუთარ ჩვენებაში უარყო.

მეხუთე კვირას სასამართლოს წინაშე წარდგა მსახიობი და დეპის ყოფილი მეგობარი ქალი, ელენ ბარკინი. მსახიობები ერთმანეთს 1998 წელს ხვდებოდნენ. ბარკინის თქმით დეპი ეჭვიანი, ასევე მუდმივად "კაიფში" იყო. ჩხუბის დროს მსახიობმა დეპს ღვინის ბოთლი ესროლა, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპმა ბარკინის ზურგზე ნაკაწრი შეამჩნია და ის ღალატში დაადანაშაულა.

25 მაისს, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო სხდომაზე სუპერმოდელმა და დეპის ყოფილმა მეგობარმა გოგომ, ქეით მოსმა ჩვენება მისცა.

მოსი ჩვენების მისაცემად საკუთარი სახლიდან ჩაერთო და უარყო, რომ ჯონი დეპმა ის კიბიდან დააგორა. მისი თქმით, ის და დეპი იამაიკაში იყვნენ, როდესაც სახლის კიბეებზე თავად დაგორდა.

"ოთახიდან გავდიოდით, ჯონმა მე გამასწრო. გარეთ კოკისპირული წვიმა იყო და მას შემდეგ, რაც ოთახიდან გავედი, კიბეზე ჩავსრიალდი და ზურგი დავიზიანე. ვიკივლე, რადგან არ ვიცოდი, რა დამემართა და ტკივილს ვგრძნობდი. ის [ჯონი დეპი] სირბილით მოვიდა ჩემ დასახმარებლად, ოთახში შემიყვანა და სამედიცინო დახმარება გამიწია". – იხსენებს სუპერმოდელი.

განაჩენი

სასამართლო 26 მაისს დასრულდა, თითქმის ერთკვირიანი განხილვის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა 1 ივნისს განაჩენი გამოიტანეს. საქმე მეტწილად დეპის გამარჯვებით დასრულდა, სასამართლომ მსახიობს საჩივარის დიდი ნაწილი დაუკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. 

ნაფიცმა მსაჯულებმა დეპს საჩივარის ყველა პუნქტი არ დაუკმაყოფილეს. ადვოკატების გუნდი ჰერდს თაღლითობაში ადანაშაულებდა, მსაჯულებმა ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. თავის მხრივ კომპენსაციის სახით დეპის მხარე ჰერდს 2 მილიონ დოლარს გადაუხდის.

ვერდიქტის გამოტანას დაესწრო ამბერ ჰერდი, თუმცა დარბაზში არ იმყოფებოდა ჯონი დეპი, მსახიობი ამჟამად ინგლისში იმყოფება.

 "იმედგაცრუება, რომელსაც ახლა განვიცდი ენითაღუწერელია. გულნატკენი ვარ, როგორც ჩანს, მტკიცებულებების მთელ დასტაზე უფრო ძლიერი, ჩემი ყოფილი ქმრის ძალაუფლება და გავლენა აღმოჩნდა". – ამბობს ამბერ ჰერდი.

ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება 2018 წელს დაიწყო, როდესაც ამბერ ჰერდმა, გამოცემა Washington Post-ში ოპ-ედი გამოაქვეყნა, რომელშიც დეპი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun, ჰერდის ოპ-ედზე დაყრდნობით დეპს ერთ-ერთ სტატიაში "ცოლის მცემელი" უწოდა. დეპმა პირველ რიგში The Sun-ს უჩივლა, მაგრამ სასამართლო დავა მტკიცებულებების სიმცირის გამო წააგო. მეორე სასამართლო პროცესი, უშუალოდ ყოფილი ცოლის წინააღმდეგ 2022 წლის 11 აპრილს დაიწყო.

კომენტარები