რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი დაბომბეს – 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ზალიზნიჩნეს დასახლებაში ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს. რუსების იერიშებს 2 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც ჭურვის ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ზაპოროჟიეს რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"რუსი ჯარისკაცები ზაპოროჟიეს ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების განადგურებას აგრძელებენ. გასულ ღამეს, სარაკეტო იერიშის დროს მათ ერთ-ერთი სოფლის სკოლაც დააზიანეს. გარდა ამისა, დაზიანდა 12 სახლი". - ვკითხულობთ განცხადებაში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები