რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ორმაგი სტანდარტი" – ზელენსკი თურქეთს რუსეთისთვის ახალი ტურისტული მარშრუტის გამო აკრიტიკებს

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნის გამო აკრიტიკებს. ზელენსკი ამბობს, რომ თურქეთმა უნდა გადაწყვიტოს, სიმართლის მხარეს არის თუ არა.

"ერთი მხრივ, თურქეთი მოქმედებს, როგორც შუამავალი და უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს, მეორე მხრივ კი ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მომზადებას სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის. 

[...] თუ გვინდა, მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა ვთქვა, რომ ეს შეუძლებელია, ეს ორმაგი სტანდარტებია, ეს არაკეთილსინდისიერია. ამიტომ მივმართავ თურქეთის ყურადღებას ასეთ შესაძლებლობებზე, მიმაჩნია, რომ ასე არ შეიძლება, რადგან არჩევანი უნდა გააკეთო - სიმართლისკენ ხარ თუ არა". - ამბობს ზელენსკი.  

უკრაინული მედია Unian-ი წერს, რომ თურქეთს სურს, სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის შექმნას ახალი ავიაკომპანია, რომლის მიზანიც რუსი ტურისტების თურქულ კურორტებზე გადაყვანა იქნება. მედიის ცნობითვე, ინფორმაცია თურქული გაზეთის, Sabah-ის მიერ გამოქვეყნებული მთავრობის "საგზაო რუკიდან" გავრცელდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტურისტების მოზიდვას ითვალისწინებს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები