ნარკოდანაშაული

შსს: სასაზღვრო პოლიციამ 10 კგ-ზე მეტი ჰეროინი ამოიღო, დააკავეს აზერბაიჯანის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის ვახტანგისის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები