რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი აშშ-სთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს წყვეტს – რუსული მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ერმაკოვმა თქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული სტაბილურობასთან დაკავშირებული დიალოგი დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რუსული მედია ავრცელებს. 

ვლადიმირ ერმაკოვის თქმით, დიალოგი შესაძლოა განახლდეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" დაასრულებს. 

ერმაკოვმა თქვა, რომ მოსკოვის აზრით, აშშ-ს ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგების გეგმის დასრულება სურს, თუმცა რუსმა მაღალჩინოსანმა ამასთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარმოჩენისგან თავი შეიკავა.

"ამ რეგინებში მსგავსი იარაღის გაჩენა კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას და გააძლიერებს შეიარაღების რბოლას". - აღნიშნა ერმაკოვმა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები