რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: თუ რუსეთის ჯარი აზოვსტალის განადგურებას ეცდება, მოლაპარაკებებს შევწყვეტთ

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, თუ რუსი ოკუპანტები აზოვსტალის განადგურებას, ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმის ჩატარებას ეცდებიან, პოლიტიკური მოლაპარაკებები ავტომატურად შეჩერდება, თუმცა, არა - ჰუმანიტარული.

ასევე, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უახლოესი დღეების განხილვის საგანი არ იქნება.

"თუ ჩვენ ბატონი პუტინის გამოსვლების ანალიზს ვეცდებით... ჩვენ გვესმის იგივე ილუზიები უკრაინაზე, მითები ნაცისტების შესახებ... უკრაინის ტერიტორიაზე NATO-სა და აშშ-ს წინააღმდეგ ომზე... მაგრამ, სამწუხაროდ რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ ამ ილუზიებშია, რაც მათ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გაგრძელების საშუალებას აძლევს.

ამიტომ, პრეზიდენტი ჯერ კიდევ საზღვრავს იმას, სჭირდება თუ არა უკრაინას რაიმე სახის პოლიტიკური მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის რეპუტაცია იმდენად დაეცა, რომ დღეს მსოფლიოში აღარავის სჯერა რუსის პირობის, აღარანაირი წონა აღარ აქვს ვლადიმირ პუტინის სიტყვას... და რუსეთის ფედერაციასთან აღარავის სურს საუბარი, მაგრამ ჩვენ ომში ვართ". - თქვა პოდოლიაკმა. 

ხოლო იმაზე, თუ ზუსტად როდის გაიმართება მოლაპარაკებები, პოდოლიაკი ამბობს, რომ ეს პირველ რიგში რუსეთის მორალურ მზადყოფნაზეა დამოკიდებული, რათა პუტინის ხელისუფლებამ ობიექტური სამყაროს დანახვა შეძლოს.

"პირველ რიგში, საკითხავია, როდის იქნება მზად რუსეთი იმისთვის, რომ მორალურად აღიქვას ობიექტური სამყარო ისეთად, როგორიც არის. ჩვენი პრეზიდენტი კვლავ რეალურ სამყაროში ცხოვრობს, განსხვავებით რუსული პოლიტიკური ელიტისგან, რომელიც ჯერ კიდევ ილუზიებშია". - აღნიშნავს მიხაილო პოდოლიაკი.

კომენტარები