რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრიელი დიპლომატები სამუშაოდ კიევში დაბრუნდნენ

ავსტრიელი დიპლომატები სამუშაოდ კიევში დაბრუნდნენ და მათმა საელჩომ უკრაინის დედაქალაქში განაახლა მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

"ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლებიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის მსხვერპლები გახდნენ. უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი სოლიდარობისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომლები გასულ კვირას კიევში დაბრუნდნენ. დიდი მადლობა მათ". - წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები