რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: გაზის შეწყვეტა პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ამისთვის ვემზადებოდით

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ქვეყანაში გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო რუსეთი პოლონეთზე მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულა.

პოლონეთის პარლამენტის სეიმში გამოსვლისას, მორავიეცკიმ კანონმდებლებს ალტერნატიული გაზის მილსადენები შესთავაზა და თქვა, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის პოლონეთს რუსული გაზი აღარ დასჭირდება. 

"ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე [...] მაგრამ ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით". - ამბობს მორავიეცკი. 

პოლონეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებას რვა მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ასევე, ნორვეგიაში ახალი ბალტიის გაზსადენის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, რომელიც პოლონეთს 10 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის. 

გარდა ამისა, პოლონეთს ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG სლოვაკეთთან მშენებარე ახალი ტრანსსასაზღვრო მილსადენიდანაც მიეწოდება.

მორავიეცკი ამბობს, რომ პოლონეთი რამდენიმე დღეში ინტერკონექტორს [მაღალი ძაბვის კაბელი, რომელიც მეზობელი ქვეყნების ელექტროსისტემებს აკავშირებს] ლიტვასთანაც გახსნის. პოლონეთს ინტერკონექტორები გერმანიასთან და ჩეხეთთან უკვე აქვს. 

"ჩვენ ამ შანტაჟის წინაშე ქედს არ ვიხრით. მინდა, დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქეები, რომ პუტინის ქმედებები პოლონეთში არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. რუსეთმა არამხოლოდ უკრაინას, არამედ ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებას ესხმის თავს.

უკრაინა ფრონტის ხაზზეა. ჩვენ, ყველა ევროპულმა ქვეყანამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბრძოლა მშვიდობისთვის, ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, რუსეთის წინაშე, ქედს ვერ მოვიხრით". - თქვა მატეუშ მორავიეცკიმ. 

26 აპრილს ბულგარეთმა და პოლონეთმა რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილიდან შეუწყდათ. მიზეზი ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. 

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. 

კომენტარები