რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქი და დასახლება დაბომბეს. ოკუპანტების იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 6 პირი კი დაიჭრა. აგრეთვე, დაზიანდა საავადმყოფო, სკოლა და მაღალსართულიანი შენობები. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"რუსები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ მიზანმიმართულ დაბომვებს. ჩვენს მიწაზე რუსების ყველა დანაშაულს ვიწერთ. მათ ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგონ". - წერს კირილენკო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები