რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უშიშროება: არ ვგეგმავთ სოლოვიოვის მკვლელობას, შეიძლება თავისით დაიხრჩოს

უკრაინის უშიშროების სამსახურის წევრები

უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ) გამოეხმაურა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბრალდებას, თითქოს СБУ ნეონაცისტურ დაჯგუფებას რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მოკვლის ბრძანებას აძლევდა. 

"პირველი. უკრაინის უშიშროება სისტემატურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს სერიოზული კომენტარის გაკეთებას რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომელთაც რუსული აუდიტორიისთვის იგონებენ. 

მეორე. ვ. სოლოვიოვი არ არის საზოგადო მოღვაწე, არამედ ის არის რიგითი პროპაგანდისტი, გებელსის რუსული ანალოგი, რომელიც, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად აგებს პასუხს საკუთარ დანაშაულებზე საერთაშორისო სასამართლოებზე. 

მესამე. СБУ-ს ვ. სოლოვიოვის მკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ამავდროულად, ფეიკებისა და ანტიუკრაინული ზიზღის რაოდენობის გათვალისწინებით, ის, შეიძლება, თავისით ჩაიხრჩოს საკუთარი იაფფასიანი პროპაგანდისტული საქმიანობის "პროდუქტში"". – ამბობენ СБУ-ში. 

ФСБ-ში 25 აპრილს თქვეს, რომ მათ დააკავეს ნეონაცისტური ორგანიზაციის, ნაციონალური სოციალიზმი/თეთრი ძალის წევრები, რომლებიც სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ. 

აქამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას გულისხმობდა.

"დღეს დილით უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელმაც დაგეგმა თავდასხმა და მკვლელობა ერთ-ერთი ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის". – თქვა პუტინმა. 

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, დაკავებული ნეონაცისტები, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ, აღიარებენ, რომ ისინი განიხილავდნენ პროპაგანდისტული მედიის, Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორის, დმიტრი კისილიოვისა და ამავე მედიის ინგლისურენოვანი ოფისის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მკვლელობებსაც. 

რუსული მედიის მტკიცებით, ნეონაცისტებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ დავალებებს СБУ-სგან იღებდნენ.

კომენტარები