რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თუ ხერსონში ფსევდორეფერენდუმი ჩატარდება, უკრაინა მოლაპარაკებებს დატოვებს 

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ ოკუპირებული ხერსონის ოლქში რუსეთი რეფერენდუმს ჩაატარებს, უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს.

"თუ მარიუპოლში ჩვენი ხალხი განადგურდება, თუ ახლად გამოცხადებულ ფსევდორესპუბლიკაში ფსევდორეფერენდუმი ჩატარდება, უკრაინა დატოვებს მოლაპარაკებების პროცესს. თუმცა ჩვენი ხალხი, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან ხერსონში, ზაპოროჟიეში და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, არ უნდა დაეხმაროს ოკუპანტებს. ადგილობრივები კარდაკარ დადიან, მონაცემებს აგროვებენ". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ხერსონში უკრაინისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი პირველიდან ათ მაისამდე იგეგმება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები