აშშ-საქართველო

ბოკერია: სანამ ივანიშვილი ეროვნული პრობლემაა, მნიშვნელოვანია, გვქონდეს კომუნიკაციის არხები

"მნიშვნელოვანია, სანამ ეროვნული პრობლემა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის სახით, გვქონდეს კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი თავისუფლება დაცული იყოს". – ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარის, გიგა ბოკერია ამერიკელ კონგრესმენებთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

გიგა ბოკერიას ცნობით, კონგრესმენებთან დისკუსიის საგანი იყო, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ოპოზიცია და რაში იქნება ქვეყნის პარტნიორების დახმარება საჭირო. მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამანგრეველი ეფექტისმიუხედავად, პარტნიორებისთვის საქართველო კვლავ მნიშვნელოვანია, რაც ბოკერიას შეფასებით, ქართული საზოგადოების დამსახურებაა.

"ბევრად მეტი ყურადღება გვჭირდება, მაგრამ რაც გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. ეს დელეგაცია, განსაკუთრებით სენატორი კუნსი, დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური ხაზის გამომხატველია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეროვნული პრობლემა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის სახით, მაინც გვქონდეს კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი თავისუფლება დაცული იყოს და ამის მისაღწევად პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ. ასევე, რაში გვჭირდება პარტნიორების დახმარება - ეს იყო დისკუსიის საგანი, ამიტომ ეს ვიზიტი ობიექტურად ძალიან მნიშვნელოვანია". – ამბობს გიგა ბოკერია.

დღეს, 22 აპრილს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ლელოს წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კრის კუნსმა თქვა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიასა და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების განვითარებას.

კონგრესმენმა დევიდ სისილინმა აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი.

კომენტარები