რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: აშშ უკრაინას დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემა დააანონონსა. პაკეტის მოცულობა კვლავ 800 მილიონი დოლარი იქნება.

"დღეს, დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ვაცხადებ, რათა აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასის რეგიონში უკრაინის ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ". - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში საბრძოლო მასალებთან ერთად, მძიმე არტილერია და დრონებიც შევა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი ტერიტორიის ასაღებად ბრძოლის მიმართულება შეცვალა, რის გამოც უკრაინისთვის დასავლეთის მიერ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფა აუცილებელი გახდა.

"აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რაც შეიძლება სწრაფად მოქმედებს, რათა უკრაინისთვის მათთვის საჭირო შეიარაღების მიწოდება გავაგრძელოთ". - თქვა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ახალი პაკეტის დაანონსების შემდეგ, აშშ-მ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინას ჯამურად 3.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა.

კომენტარები