ვლადიმირ პუტინი

პუტინი ტურიზმის განვითარებაზე: კამჩატკაზე ვეშაპების შესწავლის ექსპედიციაში ვიყავი

ვლადიმირ პუტინი ვეშაპების შესწავლის ექსპედიციაზე, 2010 წელი
AP

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერაციაში ტურიზმის განვითარებაზე საუბრისას გაიხსენა, რომ კამჩატკაზე ვეშაპების შესწავლის ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღო.

"მე კამჩატკაზე მონაწილეობას ვიღებდი ვეშაპების შესწავლის ერთ ექსპედიციაში. ძალიან საინტერესო იყო. იქ ოკეანე, წყალქვეშა სამყარო ძალიან ლამაზია. ხმელეთზეც ვერ მოიწყენ. თუმცა, ეს ამ რეგიონში ცალკე მიმართულებაა, წყალქვეშა ტურიზმი". – თქვა პუტინმა. 

2010 წელს გავრცელდა ფოტოები, რომელშიც პუტინი რუხი ვეშაპების შემსწავლელ მეცნიერებთან ერთად იყო.

პუტინმა ისაუბრა იაპონიასთან სადავო კურილის კუნძულებზეც. 

"კურილებზე ბუნება სულ სხვაა, იქ, კურილის კუნძულების რაიონში წყალქვეშა სამყარო ძალიან ლამაზია". – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ფოტო-ვიდეო მასალა მნიშვნელოვანია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ კურილის სადავო კუნძულებზე რიტორიკა შეცვალა. იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ კუნძულებს იაპონიის "განუყოფელი ტერიტორია უწოდა". 


ტოკიოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიამ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა. საპასუხოდ, რუსეთმა უარი თქვა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე. ეს მოლაპარაკებები მოსკოვსა და ტოკიოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.

მოლაპარაკებების შეწყვეტის პარალელურად, რუსეთმა იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემა შეწყვიტა, დატოვა ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებული საუბრები და დაბლოკა იაპონიის პარტნიორის სტატუსი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სამშვიდობო მოლაპარაკებებს "რიტუალური" უწოდა და თქვა, რომ მხარეები კონსესუსამდე მაინც ვერ მივიდოდნენ.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მოლაპარაკებების შეწყვეტას უსამართლო და მიუღებელი უწოდა

"იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად". – თქვა კიშიდამ.

კომენტარები