რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანდელაკი: საპარლამენტო ოპოზიცია ოცნებას რეპუტაციის გადარჩენაში ეხმარება, რა მოტივი აქვს?

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ქართული ოცნება "სტრატეგიული ბუნდოვანების" პოლიტიკას აგრძელებს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა განცხადებებით საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციის გამოსწორებას ცდილობს - კანდელაკის თქმით, მმართველ პარტიას ამაში საპარლამენტო ოპოზიცია ეხმარება.

გიორგი კანდელაკის თქმით, ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდებოდა და ეს მტკიცე გადაწყვეტილებაა, ხოლო შემდეგ ამბობენ, რომ ქვეყანა "რაღაც სანქციებს" მიერთებულია და, კანდელაკის სიტყვებით, "სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამაში კვერს უკრავს". 

"ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომლითაც დღეს მინდა მივმართო მათ - როდის იტყუებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომ ეს არის საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება თუ მაშინ იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ თურმე რაღაც სანქციებს მიერთებული ვართ. თუ პოზიცია შეიცვალეს და ახლა თვლიან, რომ უნდა მივუერთდეთ და ვიყოთ ამ სანქციების ნაწილი? 

ამავე დროს, მეორე კითხვა, რაც ბუნებრივად ჩნდება, არის ის, თუ რა არის საპარლამენტო ოპოზიციის მოტივი, როცა ამ იმიტაციაში, რეპუტაციის გამოსწორებაში ფაქტობრივად ეხმარებიან ქართულ ოცნებას". - ამბობს კანდელაკი. 

კანდელაკის თქმით, კითხვები ჩნდება, რადგან საქართველოს პოლიტიკა და გადაწყვეტილება არ შეუცვლია და სინამდვილეში სანქციებს არ მიერთებია. 

"ამ ფინანსურ საბანკო სანქციებზე რომ არის საუბარი, ეს საქართველოს გადაწყვეტილება კი არ არის, არამედ არის კერძო სექტორის მიერ, ბანკების მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული შეზღუდვები - იმდენად არის საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რომ ამ შეზღუდვების საკუთარი ხელითვე არდაწესება, უბრალოდ, ბანკების გაკოტრებას გამოიწვევდა.

მთავრობას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და, ამავე დროს, არანაირი საკანონმდებლო ინიციატივა არ შესულა, არანაირი ფორმალური გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუნდაც, ორმაგი დანიშნულების საგნები, როგორიც მიკროჩიპებია, საქართველოს გავლით რუსეთში არ შევიდეს - მას რუსეთი გამოიყენებს თუნდაც სამხედრო მრეწველობაში". - ამბობს გიორგი კანდელაკი. 

კანდელაკის სიტყვებით, ქართული ოცნება "სტრატეგიული ბუნდოვანების" პოლიტიკას აგრძელებს - ერთი მხრივ, მიიღეს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კრიზისში საქართველო იქცევა, "როგორც რუსეთის რბილი სატელიტი", მეორე მხრივ კი "ორმაგი საუბრით" ცდილობენ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი რეპუტაციის გამოსწორებას.

"რაში აინტერესებს, რა ხეირი აქვს და რა მოტივი აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, როცა ის ეხმარება ქართულ ოცნებას საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციის გამოსწორებაში, მაშინ, როცა არა თუ საქართველო ფორმალურად არცერთ სანქციას არ მიერთებია, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ამაზე საქართველოს მთავრობას სიტყვა არ დაუძრავს არცერთ საერთაშორისო ფორმატში, არცერთ მსოფლიო ლიდერთან, იმისთვის, რომ ამ სანქციებში ჩვენი საკუთარი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, დევნილთა ქონების საკითხები მოხვედრილიყო დასავლურ სანქციებში". - ამბობს ის.   

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?". ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს". 3 აპრილს კი საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ  25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის". მისივე მტკიცებით, "ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს".

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია არაერთხელ გაიმართა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

საქართველოს მთავრობის "ამორალური პოზიციის" გამო უკრაინის პრეზიდენტმა ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ელჩი ქვეყნიდან საბოლოოდ 31 მარტს გაიწვია.

იმავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაში იყო ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

კომენტარები