დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა

იერუსალიმში ალ-აკსას მეჩეთისა და ტაძრის მთის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა პალესტინური ანკლავის მმართველი დაჯგუფების, ჰამასის იარაღის საწყობზე იერიშით უპასუხა.

ეს ბოლო 4 თვეში პირველი მსგავსი შემთხვევა იყო.

პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ღაზის სექტორის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ზოგიერთი პალესტინური წყაროს ინფორმაციით, რაკეტა ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლებმა ისროლეს.

ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უვნებელყო.

თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში იერიში ჰამასის იარაღის საწყობზე მიიტანა.

სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ჰამასის წარმომადგენლები ეგვიპტელი მედიატორების შუამავლობით ისრაელის მაღალჩინოსნებს დაუკავშირდნენ და თქვეს, რომ ესკალაცია მათ ინტერესებში არ შედიოდა და თავდასხმის უკან ისინი არ იდგნენ.

გასულ წელს, ალ-აკსას მეჩეთის გარშემო არსებულ დაძაბულობას ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის 11-დღიანი კონფლიქტი მოჰყვა, რომლის განმავლობაშიც ისრაელის მიმართულებით პალესტინურმა დაჯგუფებებმა 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ანკლავში საპასუხო იერიშები მიჰქონდათ.

კომენტარები