აშშ-ჩინეთი

ჩინეთის საფრთხის ფონზე, აშშ-ს მაღალჩინოსნები სოლომონის კუნძულებზე გაემგზავრებიან

კურტ კემპბელი
REUTERS/Thomas Peter

თეთრი სახლის ინდო-წყნარი ოკეანის კოორდინატორი კურტ კემპბელი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აზიაში, სოლომონის კუნძულებზე გაემგზავრებიან.

დელეგაციას კემპბელი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში, დენიელ კრიტენბრინკი უხელმძღვანელებენ.

"დელეგაცია მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება, რათა უზრუნველყოს ჩვენი პარტნიორობის კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მშვიდობა წყნარი ოკეანის კუნძულებსა და ინდო-წყნარ ოკეანეში". - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, Reuters-ის ცნობით, გუნდი აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლებთან შესახვედრად ჰავაიზე გაჩერდება. 

თებერვალში, აშშ-მ თქვა, რომ სოლომონის კუნძულებზე საელჩო გახსნის, რაც ჩინეთის გავლენის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯია. 

სოლომონის კუნძულებმა მარტში განაცხადა, რომ სამხედრო თავდაცვისა და ინვესტიციებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ჩინეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღრმავებს. თუმცა, საერთაშორისო გამოხმაურებების ფონზე დასძინა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჩინეთის სამხედრო ბაზის განთავსებას არ დაუშვებს. 

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ დანტონმა თქვა, რომ ჩინეთს წყნარი ოკეანის კუნძულებზე სამხედრო დასაყრდენი სურს, მათ შორის პაპუა-ახალ გვინეის "სამხედრო პორტი".

ჩინეთმა პაპუა-ახალ გვინეას მათ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის განთავსება 2018 წელს შესთავაზა, მაგრამ ავსტრალიის უახლოესმა ჩრდილოელმა მეზობელმა გადაწყვიტა, რომ ბაზის განსავითარებლად ავსტრალია ჰყოლოდა. 

კომენტარები