რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის შევსება დაასრულა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, იგორ ჟოვქვას თქმით, უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის შევსება დაასრულა. ამის შემდეგ კი, ევროკავშირი შესაბამის რეკომენდაციას მოამზადებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს უკრაინა კოპენჰაგენის წევრობის კრიტერიუმებს.

"დღეს ერთი კვირა გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტი, რომელიც ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ჩამოიტანა, უკრაინულმა მხარემ დაასრულა.

იმედი გვაქვს, რომ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას, რეკომენდაცია დადებითი იქნება, ამის შემდეგ კი, ბურთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოედანზე აღმოჩნდება". - ამბობს იგორ ჟოვქვა.

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი იგორ ჟოვკვა თვლის, რომ უკრაინა ევროკავშირში უახლოეს წლებში გაწევრიანდება.

კომენტარები