რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად G7-ის ქვეყნებს $50 მილიარდის დახმარება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში, ოლეგ უსტენკოს თქმით, უკრაინამ დიდი შვიდეულის ქვეყნებს $50 მილიარდის ფინანსური დახმარება და სახელმწიფო ობლიგაციების 0%-ში სესხების შესაძლებლობა სთხოვა, რათა ქვეყანამ ომისგან გამოწვეული სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის კომპენსირება შეძლოს. 

ეროვნულ ტელევიზიაში საუბრისას ოლეგ უსტენკომ აღნიშნა, რომ ამ საკითხს დიდი შვიდეულის ქვეყნები აქტიურად განიხილავენ.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრემიერ მინისტრი, დენის შმიგალი და უკრაინელ ფინანსისტთა ჯგუფი მომავალ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებისთვის ვაშინგტონში გაემგზავრებიან. ასევე, უკრაინის დელეგაცია G7-ისა და G20-ის შეხვედრებზე დასწრებას გეგმავს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები