აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021

მუხთარლის საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობაზე შეშფოთება არსებობს – აშშ

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ადამიანთა გაუჩინარების შესახებ ქვეთავში საუბარია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებ და ხაზგასმულია, რომ მის საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობაზე შეშფოთება კვლავ არსებობს

"22 აპრილს Meydan TV-სთან ინტერვიუში მუხთარლიმ თქვა, რომ სამთავრობო უწყებები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობდნენ აზერბაიჯანის სასაზღვრო და უსაფრთხოების სამსახურებთან მისი გატაცების დროს. 2020 წლის მარტში აზერბაიჯანის ციხიდან მუხთარლის გათავისუფლების შემდეგ იგი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. პოლიტიკური ანგარიშვალდებულების არარსებობის პირობებში მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლობის დაუსჯელობის შესახებ შეშფოთება კვლავ არსებობს". – ნათქვამია ანგარიშში.

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

კომენტარები