რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი პუტინზე: მოლაპარაკებები უკიდურესად რთულია, მაგრამ ის გრძელდება

Yasin Akgul/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. პოდოლიაკმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებს "ჩიხში" შესული უწოდა.

"მოლაპარაკებები უკიდურესად რთულია. ვმუშაობთ ონლაინ ქვეჯგუფებში. მაგრამ ის გრძელდება. [...] ცხადია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ემოციური ფონი მძიმეა. ასევე აშკარაა, რომ უკრაინის დელეგაცია მუშაობს მხოლოდ პრო-უკრაინულ და გამჭვირვალე ჩარჩოში. რუსული მხარე მისდევს მოლაპარაკების პროცესზე ზეწოლის ტრადიციულ ტაქტიკას, მათ შორის, გარკვეული საჯარო განცხადებებით". – თქვა პოდოლიაკმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან მათ ომის დანაშაულებზე "ყალბი პრეტენზიები" წარმოადინეს და დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები