რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომი უკრაინის ეკონომიკას 45%-ზე მეტით შეამცირებს – მსოფლიო ბანკის ომის რეგიონის ანგარიში

მსოფლიო ბანკის სათაო ოფისი

მსოფლიო ბანკის "ომის რეგიონის" განახლებადი ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 45.1%-ით შემცირდება. ამის მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შეჩერებული ბიზნესი, შემცირებული ექსპორტი და გაყინული ეკონომიკური აქტივობა დასახელდა.

რაც შეეხება რუსეთს, მსოფლიო ბანკის თქმით, 2022 წელს დასავლეთის მიერ რუსეთის ბანკებზე, სახელმწიფო საწარმოებისა და სხვა ინსტიტუტებზე დაწესებული სანქციების გამო ქვეყნის მშპ 11.2%-ით შემცირდება. 

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც უკრაინას, ბელორუსიასა და მოლდოვას მოიცავს, ომის შედეგად გამოწვეული შოკისა და შეფერხებული ვაჭრობის გამო, წელს მშპ-ის 30.7%-ით შემცირებას უნდა ველოდოთ.

ცენტრალური ევროპის რეგიონში, რომელშიც ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, პოლონეთი და რუმინეთი ერთიანდებიან, ეკონომიკური ზრდა 3.5%-მდე შემცირდება.

უკრაინისთვის შავ ზღვაში ვაჭრობის შეწყვეტამ ქვეყნის მარცვლეულის 90%, ხოლო მთლიანი ექსპორტის 50%-ის მიწოდება შეაჩერა.

მსოფლიო ბანკის განცხადებით ომმა ბევრ სფროში ეკონომიკური აქტივობა შეუძლებელი გახადა, ასევე, ზიანი მიადგა სოფლის მეურნობას, დარგვისა და მოსავლის აღების პროცესებს.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინის ეკონომიკური შემცირების მაჩვენებელი შეიძლება კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ომის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. მსოფლიო ბანკის სცენარის მიხედვით, უარეს შემთხვევაში, სასაქონლო ფასებზე მომავალში გაზრდილი შოკი უკრაინაში მშპ-ს 75%-მდე, ხოლო რუსეთში 20%-მდე შეამცირებს.

ამ სცენარის მიხედვით, პროცესები ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების 9%-იან ვარდნას გამოიწვევს.

მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ვიცეპრეზიდენტმა, ანა ბჟერდემ უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანას მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.

"უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება უზარმაზარი ფინანსური დახმარება, რათა შეძლოს თავისი ეკონომიკის შენარჩუნება და დაზარალებული უკრაინის მოქალაქეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა". - ამბობს ანა ბჟერდე.

მსოფლიო ბანკმა უკრაინის მხარდასაჭერად უკვე გამოყო $923 მილიონის სესხები და გრანტები. ამჟამად ბანკი $2 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტზე მუშაობს.

კომენტარები