საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი, მარინ ლე პენი ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 24 აპრილს დაუპირისპირდებიან.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების 96% დათვლილია, მაკრონმა ხმების 27.41% დააგროვა, ლე პენმა კი 24.03%.

„ჯერ არაფერი არაა გადაწყვეტილი და ბრძოლა, რომელიც მომდევნო 15 დღე გაგრძელდება, საფრანგეთისა და ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება“, - განუცხადა მაკრონმა მხარდამჭერებს.

Ifop-ის წინასწარი გამოკითხვების შედეგად, მეორე ტურში მაკრონი 51%-ს, ხოლო ლე პენი 49%-ს მიიღებს.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლიდან არის. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. ლე პენი ულტრამემარჯვენე კანდიდატად მიიჩნევა, რომელიც ანტიმიგრაციული გზავნილებით გამოირჩევა. იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს. 

საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მაშინ არჩევნების მეორე ტური ინიშნება, რომელშიც სიის სათავეში მყოფი პირველი ორი კანდიდატი მონაწილეობს. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილსაა ჩანიშნული.

კომენტარები