რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერლუსკონი "ღრმად დამწუხრებული და იმედგაცრუებულია" პუტინის მოქმედებების გამო

სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმირ პუტინი სარდინიაში, 2003 წელი
FT

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, იგი ღრმად დამწუხრებული და იმედგაცრუებულია უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოქმედებებით.

ბერლუსკონიმ, რომელიც წლების განმავლობაში მეგობრობდა რუსეთის პრეზიდენტთან, თქვა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს წინაშე სრული პასუხისმგებლობა უნდა აეღო.

"მე ის 20 წლის წინ გავიცანი, ყოველთვის დემოკრატიისა და მშვიდობის ადამიანად მეჩვენებოდა... რა სამწუხაროა". – თქვა ბერლუსკონიმ მისი პარტიის, Forza Italia-ს ყრილობაზე გამოსვლისას.

ბერლუსკონიმ 2015 წელს პუტინს "მსოფლიოს ლიდერებს შორის უდავოდ ნომერ პირველი" უწოდა, მანამდე კი მოიხსენია, როგორც უმცროსი ძმა.

"უკრაინაზე თავდასხმამ, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი ევროპასთან დაეახლოებინა, ის ჩინეთის მკლავებში ჩააგდო... რა სამწუხაროა". – თქვა ბერლუსკონიმ ყრილობაზე.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები