რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის EU-ს წევრობის კითხვარი გადასცა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა.

ფონ დერ ლეიენი და ზელენსკი გუშინ, 8 აპრილს ერთმანეთს კიევში შეხვდნენ, შემდეგ საერთო პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტს კითხვარი გადაეცა.

"ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩემი გზავნილი დღეს ნათელია: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოთხოვნა, ხმამაღლა და მკაფიოდ. და დღეს, ჩვენ აქ ვართ, რათა გადმოგცეთ პირველი, პოზიტიური პასუხი. ამ კონვერტში, ძვირფასო ვოლოდიმირ, არის მნიშნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ. ეს კითხვარი არის ჩვენი დისკუსიის საფუძველი მომდევნო თვეებში. აქედან იწყება თქვენი ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. თქვენ განკარგულებაში ვიქნებით 24 საათით დღეში, კვირაში 7 დღე, რათა ვიმუშავოთ ამაზე". - უთხრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე უთხრა, რომ რადგან მათ ერთმანეთის შესახებ ბევრი იციან, კითხვარის შევსებას არა წლები, როგორც ჩვეულებრივ ხდება, არამედ კვირები დასჭირდება. ზელენსკიმ კი მას უპასუხა, რომ პასუხები მზად ერთ კვირაში ექნებათ.

28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა.

კომენტარები