რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 6 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

კიევი, უკრაინა 
AP Photo/Vadim Ghirda

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურება ვერ მოიპოვეს. ამასთან ერთად, ოკუპანტებმა სუმიდან ჯარების გამოყვანის პროცესი დაასრულეს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში განლაგებული ქვედანაყოფები, იზიუმსა ან დონბასში გადაყვანის მიზნით, ბელგოროდში გაგზავნეს. უკრაინის სამხედრო ძალების მტკიცებით, რუსეთი კიევის ქვედანაყოფების იზიუმში განლაგებას გეგმავს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ჯგუფები საბრძოლო ქმედებებში მალე ჩაერთონ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან. უკრაინის ოფიციალური პირებისა და პრორუსული Telegram-ის არხების ცნობით, დონბასში დაუზუსტებელი ადგილიდან დამატებითი რუსული ტექნიკა ჩავიდა. მარიუპოლის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ზუსტი ინფორმაციის მიღება რთულია, თუმცა ოკუპანტები ქალაქზე თავდასხმას განაგრძობენ. რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმ-სლოვიანსკის ღერძზე შეტევითი ოპერაციების წარმოება განაგრძეს, თუმცა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურება ვერ მოიპოვეს.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები განაგრძეს.
  • მარიუპოლში რუსეთის სამხედრო და მარიონეტული ძალები შეტევითი ოპერაციების გასაახლებლად ქვედანაყოფების გაერთიანებას ცდილობენ. 
  • ოკუპანტებმა იზიუმიდან სლოვიანსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, თუმცა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურება ვერ მოიპოვეს.
  • უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს.
  • რუსეთის ქვედანაყოფებმა სუმის ოლქი დატოვეს.
  • გავრცელებული ინფორმაციით, რუსი გენერლები სამხედრო პირებისთვის ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვას ცდილობენ.
  • ISW-ს მიხედვით, შეერთებულ შტატებსა და NATO-ს, ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედრო აქტივობებზე, მკაცრი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

უკრაინისსამხედრო დაზვერვის (ГУР) ინფორმაციით, რუსეთმა პერსონალს შორის მორალურ პრობლემებთან საბრძოლველად ცენზურა დააწესა და ინტერნეტთან წვდომა შეზღუდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტის მეშვეობით სამხედრო პირები უკრაინის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. ГУР-ის მტკიცებით, რუსეთი სამხედრო პირებს შორის ზნეობრივ კრიზისს ინტერნეტსა და სოციალურ მედიას აბრალებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოფიცრება ქვედანაყოფებში ინტერნეტით სარგებლობა უნდა შეზღუდონ. Რუსეთის მხრიდან მსგავსი ზომების შემოღება, დიდი ალბათობით, დეზერტირობის მაჩვენებელს უფრო გაზრდის.

კომენტარები